English / ქართული / русский /
ბესიკ ბოლქვაძე
ფულადი ნაკადების ანალიტიკური მნიშვნელობა კომპანიათა ფინანსურ გადაწყვეტილებებში

ანოტაცია. საქართველოში კომპანიათა ფინანსური ანგარიშგებების სახელმწიფოსადმი წარდგენის აუცილებლობა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განმტკიცებული, რადიკალურად ზრდის ფინანსური ანგარიშგებითი ვალდებულების მნიშვნელობას და ამაღლებს ე.წ. ანგარიშგებით კულტურას. ფინანსური ანგარიშგების ორგანულ და განუყოფელ ნაწილს კი ფულადი ნაკადების ანგარიშგება წარმოადგენს. ნაშრომი მიმოიხილავს და ასაბუთებს ფულადი ნაკადების ანალიზისა და მართვის აუცილებლობას, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების კონტექსტში.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური ანგარიშგება, ფულადი ნაკადები, ლიკვიდობის პოზიცია, ხარისხობრივი ანალიზი, რაოდენობრივი ანალიზი.

ფულადი ნაკადების ანალიზის აუცილებლობა

ეკონომიკის ბიზნესსექტორში კომპანიათა გამართული ეკონომიკური საქმიანობის ორ მთავარ მიზნობრივ პარამეტრს, როგორც ცნობილია, მისი რენტაბელობის და ლიკვიდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ვერც ბალანსი (ლიკვიდობის ბაზისი) და ვერც მოგება-ზარალის ანგარიშგება (რენტაბელობის ბაზისი) ვერ განსაზღვრავს კომპანიის ოპერირების ისეთ აუცილებელ ფინანსურ მახასიათებლებს, როგორიცაა ფულადი სახსრების ნაკადების სტრუქტურა, დინამიკა და ხარისხი. სწორედ, აღნიშნულ ნაკლოვანებას ავსებს ფულადი ნაკადების ანგარიშგება (Lucian, Dorel), რომელიც გვიჩვენებს კონკრეტული საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში კომპანიის ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ტრენდულ მდგომარეობას.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება უნდა უზრუნველყოფდეს ბიზნესსუბიექტის შიგა და გარე დაინტერესებულ მხარეებს ისეთი წონადი ფინანსური ინფორმაციით, როგორიცაა: კომპანის მიერ ფულადი სახსრების გენერირების პოტენციალი; ვალდებულებების დაფარვის უნარი; საოპერაციო აქტიურობის მასშტაბი (საოპერაციო სეგმენტი), საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების უნარი (საინვესტიციო სეგმენტი), გარე დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულების დონე (საფინანსო სეგმენტი); წმინდა მოგების (რენტაბელობის საზომი) და ფულადი სახსრების წმინდა ცვლილების (ლიკვიდობის საზომი) განსხვავების მიზეზები; ფულადი ნაკადების გამოყენების შესაძლებლობა (რეინვესტირება, დივიდენდების გაცემა და ა.შ.). ფულადი ნაკადების ანგარიშგების სტრუქტურას და მისი ცალკეული კომპონენტების შემადგენლობას განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), კერძოდ, სტანდარტი ბასს 7 – ფულადი ნაკადების ანგარიშგება.

ითვლება, რომ კომპანიის ფულადი ნაკადების უწყისით დაინტერესებულ პირთა წრე მრავალრიცხოვანია, თუმცა არსებითად, პრაქტიკული ანალიტიკური გამოყენების თვალსაზრისით, აღნიშნული წრე რეალურად ვიწროვდება და მოიცავს საკუთრივ ბიზნესსუბიექტის კორპორაციულ ბირთვს, სახელმწიფოს შესაბამის უწყებას (სამინისტროს), პოტენციურ ინვესტორებს და კრედიტორებს, როგორც ,,ქეშ ფლოუ’’-ს აქტიურ მომხმარებლებს.

კომპანიის ფულადი ნაკადების რაციონალური მენეჯმენტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფულადი ნაკადების ანგარიშგების სათანადო შედგენა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო გარე მომხმარებლების მიერ, არამედ ასევე შიგასაოპერაციო ანალიტიკური მიზნებისათვის. ასეთი ანგარიშგების მომზადება კი ეყრდნობა ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშისა და მთავარი სააღრიცხვო წიგნის ანგარიშებზე დაგროვილ ინფორმაციას.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება ბიზნესსექტორის ნებისმიერი სუბიექტის ფულადი ნაკადების მართვის ძირითადი ფინანსური დოკუმენტია, რომლის ანალიზის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სამი აუცილებელი ფაქტორ-გარემოება: 1. ფულადი ნაკადების ცალკეული მუხლების (პოზიციების) შესაბამის საქმიანობებზე (სეგმენტებზე) სწორი მიკუთვნება; 2. ფულადი ნაკადების ანგარიშგების ადეკვატური აგება და მომზადება შესაბამისი მეთოდების (პირდაპირი და ირიბი) გამოყენებით; 3. ფულადი ნაკადების რელევანტური ანალიზი და ინტერპრეტაცია (თვისებრივ-ხარისხობრივი და რაოდენობრივი მიდგომების მიხედვით). შევნიშნოთ, რომ აღნიშნულთაგან პირველი ორი ფაქტორი გამომდინარეობს შესაბამისი ანგარიშგებითი სტანდარტიდან და აუცილებლად გათვალისწინებადი სავალდებულო მოთხოვნაა, მაშინ, როდესაც მესამე ფაქტორის ამოქმედება დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მენეჯმენტის მიდგომებზე, ანალიტიკურ ,,კულტურაზე’’ და მთავარი დაინტერესებული მხარეების – ინვესტორებისა და კრედიტორების – მოთხოვნებზე.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულია ფულადი ნაკადების უწყისის აგების ორივე მეთოდის გამოყენება, თუმცა იგი რეკომენდაციას იძლევა უპირატესად პირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს თვალსაჩინო ინფორმირებას ფულადი ნაკადების წყაროებისა და გამოყენების შესახებ (ბასს 7.19), თუმცა კომპანიების მხოლოდ მცირე პროცენტი იყენებს ხსენებულ მეთოდს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, განსხვავებით ირიბი მეთოდისაგან, რადგან იგი უფრო მეტად გაანგარიშებატევადია (Harrison, Horngren, Thomas, 2013:716). ამა თუ იმ მეთოდის შერჩევა-გამოყენება შეიძლება იყოს კომპანიის კორპორაციული პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული, სათაო ოფისის მოთხოვნა, მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის მიდგომა და ა.შ. აქვე დავაზუსტოთ, რომ საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის მიმდინარე ეტაპზე ქვეყნის შესაბამის მარეგულირებლი უწყება (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური) არ ახდენს კონკრეტულ მითითებას კომპანიებისადმი რომელიმე ზემოხსენებული მეთოდის გამოყენების პრიმატის თაობაზე, ამიტომ რეალური (არაფინანსური) სექტორის კომპანიები პრაქტიკაში ფულადი ნაკადების ანგარიშგების მეთოდს ძირითადად ირჩევენ საკუთარი სურვილის მიხედვით.

შევნიშნოთ, რომ ფულადი ნაკადების ანგარიშგება არსობრივად ბიზნესსუბიექტის ლიკვიდობის პოზიციის (მოკლევადიანი გადაწყვეტილებების) განმსაზღვრელ ინდიკატორთა კომპლექსია. პრაქტიკულ ეკონომიკურ საქმიანობაში კომპანიების უმეტესობა მას იყენებს (უფრო ზუსტად, მომავალში ინტენსიურად გამოიყენებს), როგორც სავალდებულო ანგარიშგებით დოკუმენტს სახელმწიფოსადმი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზემოხსენებული სამსახური) წარდგენის თვალსაზრისით ან როგორც დაინტერესებული მხარეებისადმი (ძირითადად, ინვესტორებისა და კრედიტორებისადმი) წარსადგენ საანალიზო ბაზა-დოკუმენტს, გადახდისუნარიანობის შეფასების კონტექსტში. რაც შეეხება ფულადი ნაკადების ანგარიშგების შიგა ანალიზს, შეფასებას და ინტერპრეტაციას (რაც ფულადი ნაკადების მართვის ფუნდამენტია), მისი განხორციელება ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია ან, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალურია.    

ფულადი ნაკადების ხარისხობრივი ანალიზი

ფულადი ნაკადების ანგარიშგების თვისებრივ-ხარისხობრივი ანალიზი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი საჭიროება ნებისმიერი ბიზნესსუბიექტის მმართველი ფინანსური ბირთვისათვის, რადგან იგი იძლევა მრავალმხრივ ანალიტიკურ ინფორმაციას არა მხოლოდ ლიკვიდობის თვალსაზრისით, არამედ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, მთლიანობაში. ფულადი ნაკადების ანალიზისა და მართვის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ნიუანსების მხედველობაში მიღება:

1. ფულადი ნაკადების ანგარიშგება და, განსაკუთრებით, მისი ძირითადი შედეგობრივი მაჩვენებელი _ ფულადი ნაკადების ჯამური წმინდა ცვლილება _ არის ნებისმიერი კომპანიის ერთ-ერთი საბაზისო-საკვანძო გადახდისუნარიანობის ინდიკატორი, ვინაიდან სწორედ იგი გვიჩვენებს ნაღდი ფულადი სახსრების გენერირების არა მარტო არსებულ დონეს, არამედ მის სამომავლო პოტენციალსაც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია ინვესტორებისა და კრედიტორებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. კერძოდ, `ფულადი ნაკადების ანგარიშგება საშუალებას იძლევა, შეფასდეს კომპანიის წმინდა აქტივებში მომხდარი ცვლილებები, მისი ფინანსური სტრუქტურა და კომპანიის უნარი, დროულად მოახდინოს რეაგირება ფულადი სახსრების რაოდენობრივ მხარეზე~ (ბასს 7.4). თუმცა, მეორე მხრივ, ფულადი სახსრების დიდი ოდენობით ნაშთის არსებობა შესაძლოა სრულებითაც არ მიუთითებდეს ეფექტიან ფინანსურ მართვაზე, თუ ასეთი ფულადი რესურსი არ იქნა მიზანმიმართულად გამოყენებული მოგების რეგენერირების მიზნით;

2. ფულადი ნაკადების ანგარიშგება და შესაბამისი ფულადი `მიმოქცევის~ ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წმინდა ანგარიშგებითი თვალსაზრისით, არამედ იგი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს კომპანიათა სამომავლო საპროგნოზო გათვლებისათვის, როგორც ინვესტირების საშემფასებლო ინსტრუმენტი. თანამედროვე მსხვილი კომპანიების პრაქტიკაში სწორედ საპროგნოზო ფულადი ნაკადები მიიჩნევა ბიზნესის ღირებულების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად. კერძოდ, როდესაც ხდება საინვესტიციო პროექტების შემუშავება, ანალიზი და შეფასება, გაანგარიშებით მანიპულაციებში გამოყენებადია არა იმდენათ სააღრიცხვო მოგების მაფორმირებელ სიდიდეები, რამდენადაც `ქეშ ფლოუს~ დაგეგმილი წმინ¬და ფულადი ნაკადები. ამდენად, მნიშვნელოვანია ფულადი ნაკადების ანგარიშგების მაჩვენებელების გამოყენებით და მათზე დაყრდნობით, ნაღდი ფულის ბიუჯეტირების კომპონენტის გააქტიურება გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების უკუგებრივი შეფასების მიზნით;

3. ფულადი სახსრების სტრუქტურაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საოპერაციო ფულად ნაკადებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ გამომუშავებული ლიკვიდური ნაკადების ფორმირების მთავარ წყაროს. თუ ბიზნესი მოკლებულია საოპერაციო ნაკადების გენერირების უნარს, მას გაუჭირდება, ერთი მხრივ, ინვესტირება, ხოლო მეორე მხრივ _ დაფინანსების დამატებითი წყაროების მოზიდვა, საჭიროების შემთხვევაში. შედეგად, ცხადია, შემცირდება თავის მხრივ ინვესტორებისა და კრედიტორების ნდობა მოცემული კომპანიისადმი. უფრო კონკრეტულად, საოპერაციო საქმიანობის დადებითი წმინდა ფულადი ნაკადი შეიძლება მიუთითებდეს კომპანიათა მზარდ საოპერაციო აქტიურობაზე და პოზიტიურად უნდა შეფასდეს, ხოლო უარყოფითი სალდო, პირიქით, არასასურველია. თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, როდესაც შესაძლოა უარყოფითი საოპერაციო სალდო არ იყოს სარისკო, მაგალითად დამწყები ბიზნესისათვის (Start-up), ეკონომიკური შოკის პირობებში ან ახალ ბაზრებზე შეღწევის დროს. ამასთან, ფულადი ნაკადების ანალიზისას მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, უარყოფითი საოპერაციო სალდოს (არსებობის შემთხვევაში) და¬ფინანსება ხდება უპირატესად საინვესტიციო ნაკადებით, თუ უპირატესად საფინანსო ნაკადებით. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიათა კაპიტალის სტრუქტურის ანალიზს და კაპიტალის ღირებულებას. ამასთან, წმინდა საოპერაციო ნაკადის მაჩვენებელი საკვანძო ინდიკატორია, თუმცა მისი დაბალი ან უარყოფითი მნიშვნელობისას კომპანიები შეიძლება დადგნენ ,,ფინანსური ტრილემის’’ წინაშე, კერძოდ: ა) მოიზიდოს სესხები, როგორც ბიზნესის დაფინანსების წყარო; ბ) მიმართოს კაპიტალში დამატებითი ინვესტირებების განხორციელებას; გ) მზარდი და ჭარბი უარყოფითი საოპერაციო ფულადი ნაკადების გამო შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა;

4. საინვესტიციო საქმიანობის დადებითი წმინდა ფულადი ნაკადის ცოდნა მნიშვნელოვანია რამდენიმე ზეგავლენის შესაფასებლად. კერძოდ, იგი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ა) მოცემული კომპანია ზრუნავს ლიკვიდობის გაზრდაზე (მაგალითად, რეალიზაციას უკეთებდეს არალიკვიდურ აქტივებს); ბ) აფინანსებს საოპერაციო საქმიანობის უარყოფით სალდოს. უარყოფითი წმინდა საინვესტიციო ნაკადების არსებობა კი შეიძლება გვიჩვენებდეს და მიუთითებდეს: ა) კომპანიის ზრდის ტენდენციაზე კაპიტალური ხარჯების გადიდების გზით; ბ) ე.წ. საინვესტიციო ქონების დაგროვებაზე. გარდა ამისა, ფულადი ნაკადების უწყისი საშუალებას იძლევა, გამოთვლილ იქნეს ე.წ. თავისუფალი ნაღდი ფულადი ნაკადი, რაც წარმოადგენს სხვაობას საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადების წმინდა ცვლილებასა და საინვესტიციო საქმიანობის კაპიტალურ ხარჯებს შორის და გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას საოპერაციო საქმიანობით გამომუშავებული ნაკადებით მოახდინოს საინვესტიციო აქტიურობის გაზრდა, ანუ კაპიტალური ხარჯების დაფინანსება. ცალკეულ შემთხვევებში, თავისუფალი ფულადი ნაკადის ქვეშ მოიაზრება, ასევე, წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადები არა მხოლოდ კაპიტალური ხარჯების, არამედ დივიდენდების გამოკლებითაც (Fridson, Alvarez, 2011:221). მეორე მხრივ, თავისუფალი ფულადი ნაკადის მაჩვენებელი არის ინვესტორთათ¬ვის მნიშვნელოვანი საზომი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ,,საკმარისი ფული” თავისი ძირითადი ოპერაციებისა და კაპიტალური ხარჯების (ნაკადების) დაფინანსების შემდგომ, რათა უპრობლემოდ მიიღონ ინვესტორებმა თავიანთი კუთვნილი ბიზნესწილი დივიდენდების სახით;

5. საფინანსო საქმიანობის წმინდა ფულადი ნაკადის დადებითი მაჩვენებელი შეიძლება მიუთითებდეს დაფინანსების გაზრდის ტენდენციაზე, რაც პოზიტიური შეიძლება იყოს, თუ მისი ზრდა ბიზნესის აქტიურობის ზრდის თანხვედრილია და იყოს ნეგატიურიც, თუკი საკუთარ და მოზიდულ კაპიტალს შორის ჩამოყალიბდება არასასურველი თანაფარდობა. ასევე, მეორე მხრივ, დადებითი ნაკადი შეიძლება ასახავდეს იმ რეალობას, რომ კომპანიას არ ჰყოფნის საკუთარი ფულადი სახსრები და იძულებულია გაზარდოს ნასესხები რესურსი, რამაც მომავალში შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ნაკადების ,,დამინუსება”, სასესხო გადასახდელების შემდგომი ზრდის გამო. ასევე, საფინანსო საქმიანობის წმინდა ფულადი ნაკადის უარყოფითი მაჩვენებელი შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კომპანია მეტისმეტად ორიენტირებულია აქტიურ სადივიდენდო პოლიტიკაზე და ახდენს რაოდენობრივად მნიშვნელოვანი თანხების მიმართვას დივიდენდების გაცემა-განაწილებაზე, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული (კომპანიის ფინანსური სტრატეგია, საბაზრო ღირებულების ზრდის პრიმატი, აქციონერთა მიდგომები და გადაწყვეტილებები და ა.შ.). იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ბიზნესიდან ფულადი ნაკადების ინტენსიურ და აქტიურ ,,გაწოვას” დივიდენდების სახით, წარმოიქმნება ე.წ. აქსელირებული გადინება, რაც ცხადია უარყოფითად შეიძლება აისახოს კომპანიის ,,ქეშ ფლოუზე” და, მთლიანობაში, რეინვესტირების პროცესზე;

6. ერთმანეთს უნდა შევადაროთ საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან გამომუშავებული ფულადი ნაკადები და შესაბამისი ,,გასვლის~ მიმართულებები, რათა ანალიზი გავუკეთოთ ფულადი ნაკადების სტრუქტურას და მოძრაობის ძირითად ვექტორებს (Gitman, Hennessey, 2005:49). სტრუქტურულ ანალიზთან ერთად, აუცილებელია გაანალიზდეს ცალკეული საქმიანობების მიხედვით შემოსული და გასული ნაკადების ნაშთების წმინდა ცვლილებები იმისათვის, რომ შეფასდეს მათი მოძრაობის დინამიკა. ამის პარალელურად, უნდა მოხდეს ფულადი ნაკადების საქმიანობის სახეობათა ცალკეულ კომპონენტებზე დაკვირვება მომიჯნავე წლების მიხედვით იმისათვის, რომ დადგინდეს, ხომ არა აქვს ადგილი რომელიმე პუნქტთან მიმართებით ნაკადების არსებით, ე.წ. ,,ნახტომისებურ~ ცვლილებას (გადახრას ზრდის ან კლებისკენ) და, არსებობის შემთხვევაში, გამოკვლეულ იქნეს გადახრის წარმომშობი მიზეზები;

7. უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების სიხშირის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს სავალუტო კურსის ცვლილების ზეგავლენას ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე, რათა გამოირიცხოს ფულადი ნაკადების გადახრათა ცდომილების რისკები (საბაური, კვატაშიძე, სრესელი, 2017:306). არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. გაუთვალისწინებელი ფულადი ნაკადების ანალიზი და მხედველობაში მიღება, რომლებიც მართალია დროებითი ხასიათისაა და არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას რეალურ შემომავალ და გამავალ ფულად ნაკადებზე, მაგრამ შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში დიდ გავლენას ახდენდეს კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობის ერთიან ,,სურათზე~;

8. საუკეთესო შემთხვევაში, სასურველია შიგა ანალიტიკური მიზნებისათვის კომპანიებმა შეადგინონ ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება ორივე _ პირდაპირი და ირიბი მეთოდით, რაც მათ საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, მოახდინონ ნაკადების დეტალური ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანალიზი, მეორე მხრივ _ მოგებისა და წმინდა ფულადი ნაკადების შედარება ლიკვიდობა-უკუგების ურთიერთმიმართების შეფასებისათვის. თუმცა, ხსენებული მიდგომები არ გამორიცხავს ე.წ. მოდიფიცირებული პირდაპირი ანუ ,,ნახევრად’’ პირდაპირი მეთოდის გამოყენებას (Alver);

9. ბიზნესის გადახდისუნარიანობის და დინამიკური ანალიზის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ე.წ. ისტორიულ ფულად ნაკადს. ისტორიული ფულადი ნაკადი წარმოადგენს კომპანიის წლების განმავლობაში გამომუშავებული ფულადი ნკა¬დების დინამიკურ ერთობლიობას, რომელიც მისი კრედიტუნარიანობის შეფასების ერთ-ერთი სანდო ინდიკატორია, რისთვისაც შეიძლება გამოიყენებოდეს ფულადი ნაკადების გასაშუალებული მაჩვენებლები;

10. კომპანიათა ფულადი ნაკადების შეფასების ერთ-ერთ არსებით ელემენტს ე.წ. ფულადი ნაკადების ,,ხარისხი~ წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ფულად ნაკადებად, ჩვეულებრივ, ითვლება საოპერაციო საქმიანობის დადებითი ფულადი ნაკადები, რადგან ისინი დაკავშირებულია გაყიდვების ზრდის ფაქტორთან და რეგულარულ და განმეორებად შემომავალ ფულად ნაკადებთან. ასევე, მაღალი ხარისხის ფულად ნაკადებად ითვლება ისეთი კომპონენტები, რომლებიც წარმოდგენილია მიმდინარე ან უახლოესი პერიოდის რეალური ფულადი ნაკადებით. შედარებით დაბალი ხარისხის ფულად ნაკადებად კი ითვლება: ერთ¬ჯერადი ოპერაციით გამომუშავებული ფულადი ნაკადები, დამფუძნებელი პარტნიორების დამატებითი თანხების ინვესტირება კაპიტალში, ფიქსირებული აქტივების გაყიდვით მიღებული ფულადი ნაკადები, გაუთვალისწინებელი ფულადი ნაკადები და სხვა მსგავსი წყაროები. შევნიშნოთ, რომ ბიზნესში ინვესტორები და, განსაკუთრებით, კრედიტორები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ,,ხარისხიანი~ ფულადი ნაკადები;

11. დადებითი ფულადი ნაკადების პარალელურად, აუცილებელი და მნიშვნელოვანია უარყოფითი ფულადი ნაკადების სისტემატიზაცია და ანალიზი. კერძოდ, ანალიზისა და შეფასების პროცესში ცალკე უნდა გამოიყოს ყველა მიმართულების უარყოფითი ფულადი ნაკადი, შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი მიზეზები, დადგინდეს ასეთი ნაკადები ერთჯერადი თუ რეგულარული ხასიათისაა, ხომ არ არის ისინი უჩვეულოდ მაღალი მნიშვნელობის, რამდენად კონტროლირებადია მენეჯმენტის მხრიდან და ა.შ.;

12. პრინციპულად მნიშვნელოვანია, კომპანიებმა მოახდინონ ფულადი ნაკადების ანგარიშგების აგების და გაანალიზების სისტემატიზაცია დროის შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდების მიხედვით ფულად ნაკადებზე, მათ სტრუქტურასა და დინამიკაზე ინტენსიური დაკვირვების მიზნით, ამასთან ერთად კი ფულის კონვერსიის ციკლის პერიოდული გაანგარიშება მარაგების, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა ბრუნვადობების მაჩვენებლებზე დაყრდნობით და მიღებული შედეგების ინტერპრეტირება.  

ფულადი ნაკადების რაოდენობრივი ანალიზი

ფულადი ნაკადების თვისებრივ-ხარისხობრივ ანალიზთან ერთად მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ანალიზის ინსტრუმენტების ქმედითი და სათანადო გამოყენება. ფულადი ნაკადების ინდიკატორთა აღნიშნული ჯგუფი ძირითადად ეყრდნობა ფულადი ნაკადების ანგარიშგებას, რაც დაეხმარება კომპანიების ფინანსურ მენეჯერებს წმინდა ფულადი ნაკადების რაოდენობრივი ანალიზის განხორციელებაში (Fridson, Alvarez, 2011:220). აღნიშნული ფინანსური ინდექსები ერთმანეთთან აკავშირებს ფულადი ნაკადების ცალკეულ კომპონენტებს და, ამასთან ერთად, უკავშირდება საბალანსო და მოგება-ზარალის ანგარიშგებათა ცალკეულ საბაზისო მაჩვენებლებს (აქტივებს, რეალიზაციას, წმინდა მოგებას და სხვ.), რითაც ხელს უწყობს ბიზნესსუბიექტის ფინანსური მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას. აღნიშნული ფინანსური ინდექსები ახასიათებს ბიზნესში წმინდა ფულადი ნაკადების გამომუშავების რეალურ უნარს და მათი გამოყენებით სხვადასხვა გამავალი ფულადი ნაკადების პოტენციური დაფარვის შესაძლებლობას. ფულადი ნაკადების კოეფიციენტების გამოთვლა უმთავრესად ეფუძნება წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადების მაჩვენებელს, რადგან სწორედ მის სიდიდეზეა დამოკიდებული სხვა ტიპის (საინვესტიციო და საფინანსო) ფულადი ნაკადების ფორმირებისა და გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადები ითვლება ყველაზე მაღალი ხარისხის ფულად ნაკადებად. ამასთან, წმინდა საოპერაციო ფულადი რესურსი განსაზღვრავს ბიზნესის საოპერაციო მასშტაბს და სხვადასხვა ვალდებულებათა რეალური (საკასო) დაფარვის პოტენციალს. ფინანსური ინდექსების მოცემულ ჯგუფში შემავალი კოეფიციენტები პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: 1. საკუთრივ ფულადი სახსრების ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები; 2. საბალანსო ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები; 3. მოგება-ზარალის ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები.

1. ფულადი სახსრების ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები:

1.1. თავისუფალი ფულადი ნაკადების კოეფიციენტი = თავისუფალი ფულადი ნაკადი / წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი.

თავისუფალი ფულადი ნაკადი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენს სხვაობას წმინდა საოპერაციო ფულად ნაკადებსა და საინვესტიციო საქმიანობის გამავალ ფულად ნაკადებს (კაპიტალურ ხარჯებს) შორის და გვიჩვენებს ძირითადი საქმიანობით გამომუშავებული ფულადი სახსრების პოტენციალს, დაფაროს კაპიტალური ფულადი ნაკადები. რაც უფრო მაღალია თავისუფალი ფულადი ნაკადის მაჩვენებელი წმინდა საოპერაციო ფულად ნაკადთან მიმართებით, მით უფრო მეტი თავისუფალი ფულადი რესურსი რჩება კომპანიებს კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისა და მიმდინარე საოპერაციო ამოცანების ნაღდი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფისათვის.

1.2. საფინანსო და საოპერაციო ნაკადების თანაფარდობის კოეფიციენტი =  წმინდა საფინანსო ფულადი ნაკადი / წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი.

ე.წ. გარე დაფინანსების კოეფიციენტი ასახავს წმინდა საფინანსო ფულადი ნაკადების მიმართებას წმინდა საოპერაციო ფულად ნაკადებთან. საფინანსო ფულადი ნაკადები კი დაკავშირებულია კომპანიათა კაპიტალის სტრუქტურის ცვლილებასთან სასესხო (ან საემისიო) ინსტრუმენტების გამოყენებით. რაც უფრო მაღალია აღნიშნული კოეფიციენტი, მით უფრო მეტადაა ბიზნესსუბიექტი დამოკიდებული გარე დაფინანსების ფულადი ნაკადების გამოყენებაზე.

1.3. კაპიტალური ნაკადების დაფარვის კოეფიციენტი = წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი / კაპიტალური ხარჯები (%).

მოცემული ფინანსური ინდექსი, თავისი შინაარსით, ახლოს დგას პირველ მათგანთან და ახასიათებს გამომუშავებული ფულადი ნაკადების უნარს, დაფაროს გამავალი კაპიტალური ნაკადები, რომლებიც დაიხარჯა კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისათვის. განსხვავებით თავისუფალი ფულადი ნაკადის მაჩვენებლისაგან, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურ მაჩვენებელს, მოცემული კოეფიციენტი ფარდობითი მნიშვნელობისაა და მისი გამოყენება მიწანშეწონილია დინამიკური ანალიზის კონტექსტში. ინდექსის მნიშვნელობა ასახავს, თუ კაპიტალური ნაკადების რამდენ პროცენტს ფარავს წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადები.

1.4. ფულადი დივიდენდების დაფარვის კოეფიციენტი = წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი / გადახდილი ფულადი დივიდენდები.                                                     

აღნიშნული ფინანსური ინდექსი აჩვენებს კომპანიათა შესაძლებლობას, წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადებით შეძლონ დივიდენდების დაფარვა. ამასთან, იგულისხმება მხოლოდ ფულადი სახით გასაცემი დივიდენდები, რადგან სწორედ ისინია დაკავშირებული ნაღდი ფულადი სახსრების გამოყენებასთან. შევნიშნოთ, რომ მოცემული ინდექსის მსგავსია დივიდენდების დაფარვის კოეფიციენტი იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელ შემთხვევაში წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადების ნაცვლად გამოიყენება წმინდა მოგების მაჩვენებელი, ხოლო ფულადი დივიდენდების ნაცვლად – როგორც ფულადი, ასევე არაფულადი დივიდენდები, მ.შ. დივიდენდების სანაცვლოდ აქციების ან წილობრივი მონაწილეობის გაზრდის შეთავაზება.

2. საბალანსო ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები:

2.1. აქტივების ეფექტიანობის კოეფიციენტი = წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი / აქტივების საშუალო სიდიდე (%).

მოცემული ფინანსური ინდექსი ასახავს კომპანიის აქტივების გამოყენების უნარს, მოახდინოს ნაღდი ფულადი ნაკადების გამომუშავება საოპერაციო ბიზნესაქტივობებიდან, საანგარიშგებო პერიოდში. იგი აძლევს კომპანიების მენეჯემენტს შესაძლებლობას, შეაფასონ და განსაზღვრონ, თუ რამდენად იქნება ხელმისაწვდომი ნაღდი ფულადი ნაკადები სამომავლო ოპერირებისათვის. სხვაგვარად, იგი უჩვენებს დაინტერესებულ მხარეებს, რამდენად ეფექტიანად იყენებენ კომპანიები თავიანთ საოპერაციო აქტივებს ნაღდი ფულადი სახსრების მობილიზებისათვის.

2.2. ვალდებულებათა დაფარვის კოეფიციენტი = წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი / ვალდებულებების საშუალო სიდიდე (%).

მოცემული ფინანსური ინდექსი ასახავს წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადებით კომპანიათა ვალდებულებების დაფარვის უნარს. რაც უფრო მაღალია მოცემული ინდექსის მნიშვნელობა, მით უფრო მაღალია ბიზნესის ,,სავალო დატვირთვის’’ შემცირებისა და ვალდებულებათა გასტუმრების პოტენციალი. აღნიშნული ინდექსის გამოთვლისას არ ხდება ვალდებულებათა დაყოფა მიმდინარე და გრძელვადიან ვალდებულებებად. მიმდინარე ვალდებულებებთან მიმართებით გამოყენებისას იგი ახლოსაა აბსოლუტური ლიკვიდობის კოეფიციენტთან.

3. მოგება-ზარალის ანგარიშგებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების ინდექსები:

3.1. ფულადი ნაკადების მარჟის კოეფიციენტი =  წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადი / რეალიზაცია (%).

ფულადი ნაკადების მარჟის ინდექსი ერთმანეთთან აკავშირებს ,,ქეშ ფლოუს’’ და მოგება-ზარალის ანგარიშგების კომპონენტებს და, თავისი შინაარსობრივი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, ახლოს დგას მოგებათა მარჟების მაჩვენებლებთან იმ განსხვავებით, რომ მოგების ნაცვლად იყენებს წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადების მაჩვენებელს. ინდექსის მაღალი მნიშვნელობა გულისხმობს იმას, რომ კომპანიები ეფექტიანად ახდენენ გაყიდვების ,,კონვერტირებას’’ ნაღდ ფულად ნაკადებში. მაჩვენებელთა დინამიკაში განხილვა საშუალებას იძლევა, მოხდეს კომპანიათა ოპერირების გრძელვადიანი ტრენდების განსაზღვრა.

3.2. წმინდა ფულადი ნაკადების კოეფიციენტი = წმინდა ფულადი ნაკადი / წმინდა მოგება.                                                                       

ზემოთ განხილული კოეფიციენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც იყენებენ წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადის მაჩვენებელს, მოცემული ფინანსური ინდექსი ეყრდნობა წმინდა ფულადი ნაკადის მაჩვენებელს, რომელიც მოიცავს სამივე სახეობის (საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო) ფულადი ნაკადების წმინდა სიდიდეს. აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ წმინდა მოგებას უნდა შეუპირისპირდეს სწორედ ჯამური წმინდა ფულადი ნაკადი. წმინდა ფულადი ნაკადი, როგორც ვიცით, ბიზნესსუბიექტის ლიკვიდობის საზომია, ხოლო წმინდა მოგება – საქმიანობის ეფექტიანობის საზომი. მოცემული ინდექსი მოქნილი და ეფექტური ინდიკატორია სწორედ ორივე საზომის შესაპირისპირებლად და ბიზნესში არსებული პრობლემების გამოსავლენად, რისთვისაც საჭიროა უფრო დეტალური ანალიზის წარმოება.

დასკვნა

ამრიგად, ყოველივე ზემოხსენებული ნიუანსების კონსტატაცია-შეჯერება გვაძლევს ობიექტურ საფუძველს დავასკვნათ, რომ ფულადი ნაკადების ანგარიშგება, როგორც ნებისმიერი ბიზნესსუბიექტის ფინანსური ანგარიშგების ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი, კომპანიათა მიერ უნდა გამოიყენებოდეს არა მარტო, როგორც აუდიტირებას დაქვემდებარებული ფინანსური დოკუმენტი ან, კიდევ, როგორც სახელმწიფოსადმი ანგარიშგებითი ვალდებულების ნაწილი, არამედ, ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი გადაქცევა ქმედით ანალიტიკურ ინსტრუმენტად ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Alver J. Preparation and Analysis of Cash Flow Statements: The Net Profit Approach and Operating Profit Approach. Retrieved from: https://www.researchgate.net/publication/24137703
  2. Fridson M., Alvarez F. 2011. Financial Statement Analysis. Fourth Edition. New York, Wiley.
  3. Gitman L.J., Hennessey S. M. 2005. Principles of Corporate Finance. Toronto, Addison Wesly.
  4. Greuning H.V. 2009. International Financial Reporting Standards (IFRS). A Practical Guide. Fifth Edition. Danvers, Copyright Clearance Center.
  5. Harrison W., Horngren C., Thomas W. 2013. Financial Accounting. Ninth Edition. New Jersey, Prentice Hall.
  6. Lucian C., Dorel M. The Statement of Cash Flows. Retrieved from: http://www.oeconomica.uab.ro/upload/lucrari/920071/31.pdf
  7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 7 (ფულადი ნაკადების ანგარიშგება).
  8. საბაური ლ., კვატაშიძე ნ., სრესელი ნ. 2017. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო საწარმოებში. თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა.